2018 წლის 27 აპრილს მკითხველთა კლუბ ''ინტელექტის'' წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ამჯერად კლუბის წევრები განიხილავდნენ ჯემალ ქარჩხაძის ''იგის''. იგი ალეგორიული მოთხრობაა, პირველად გამოქვეყნდა 1977 წელს, ჟურნალ "ცისკარში". მთავარი პერსონაჟი- "იგი"-პრეისტორიულ ხანაში ცხოვრობს. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, სანამ იგი აზროვნებას დაიწყებდა. გზა "იგი"-დან "მე"-მდე გრძელია, რთული, ემოციებით, ტკივილით, შეხებებით, შიშით, იმედგაცრუებით სავსეა, მაგრამ თუ ამ გზას ბოლომდე გაივლი, საკუთარ თავს იპოვი, რაც მოახერხა მოთხრობის მთავარმა პერსონაჟმა. ის დიდი დაძინების ქარაფს წელში გამართული აუყვა და სიკვდილს თვალებში უშიშრად ჩახედა. მოთხრობა ძალიან მოეწონათ კლუბის წევრებს და თავიანთი შეხედულება ესეებით გადმოსცეს. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:



















იგი
ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების დასაწყისში მკითხველი ეცნობა ტომის ირგვლივ არსებულ მოვლენებს, საიდანაც ჩნდება "იგი"-ს უჩვეულო დამოკიდებულება სამყაროსადმი. ძველი ბელადის "დაძინების ქარაფზე" ასვლისა და კვალის დატოვების შემდეგ, იგის უჩნდება კითხვები და ცდილობს ამოხსნას საიდუმლო, რაც სხვებისათვის შეუმჩნეველი ხდება. იგი სხვებისაგან განსხვავებით წელში გასწორებულია, რაც დაპირისპირების მიზეზი ხდება. იგი ცდილობს დაემსგავსოს სხვებს და გაუძლოს ფიზიკურ ტკივილს, სხვებისაგან განმასხვავებელ ფიზიკურ ნიშანს ემატება სულიერი მხარეებიც, იგი ბუნებას ახლებურად ხედავს. პიროვნებად ჩამოყალიბებაში იგის ეხმარება თავისუფლებისა და სიყვარულის შეგრძნება. ასეთი ცვლილებები, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ რჩება და ტომიდან "სხვა ჯიშის არსება" უნდა გაირიყოს. იგი წელში გამართული მიდის ქარაფზე და უკან არ იხედება, რაც, ჩემი აზრით, მისი ღირსებების აღიარებაზე მეტყველებს. ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებებში განსაკუთრებით მომეწონა ბოლოს ნათქვამი სიტყვები: "იგისაგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო", რაც მიგვანიშნებს პიროვნების მარადიულობაზე. იგისაგან დარჩა იდეა, რასაც ზუ აცნობიერებს და გამართული აგრძელებს ცხოვრებას.

ანრი ფერცელიძე

ძალიან იშვიათად შეუძლია ნაწარმოებს ჩემს გულში შემოაღწიოს. ამას მხოლოდ ჩემი საყვარელი მწერლები ახერხებენ და დღეიდან მათ რიგს ჯემალ ქარჩხაძეც შეუერთდა თავისი გენიალური ქმნილებით.
პირველივე წინადადებაში ვიგრძენი ის სიამოვნება, რომელსაც ხშირად მთელი წიგნის კითხვისას უშედეგოდ ვეძებდი. მივხვდი, რომ ჯემალ ქარჩხაძის ალეგორიული მოთხრობა პერსონაჟივით გამორჩეულია და არავის ჰგავს. მოთხრობაში, სადაც აღწერილია პრეისტორიული ხანის ადამიანის ცხოვრების გზა პიროვნებად ჩამოყალიბებამდე, ნათლად ჩანს თავისუფლებისა და სიყვარულის შეგრძნება. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად მატულობს დრამატულობაც. მოთხრობის დასასრული ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ემოციური იყო ბოლო სიტყვები: "იგისაგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო". ამ ფრაზამ მიმახვედრა, რომ მიუხედავად საზოგადოების დამოკიდებულებისა, თითოეულ ადამიანს გააჩნია ინდივიდუალიზმი. ანანო დიასამიძე




  ჯემალ ქარჩხაძის "იგი"-ს წაკითხვისას მივხვდი, რომ განსხვავებული წერის სტილისა და მანერის მქონე მწერლის შემოქმედებას ვეცნობოდი. ავტორი ნათლად გვიჩვენებს და წინა პლანზე წამოწევს იმ პრობლემას, რომელიც მაშინ, ახლაც და ყოველთვის იყო და იქნება ჩვენს რეალობაში. ეს პრობლემა კი განსხვავებულობა, განსაკუთრებულობა გახლდათ. ავტორი "იგი"-ს საშუალებით გვიტარებს გაკვეთილს და ალეგორიული ხერხით წარმოაჩენს საზოგადოების მანკიერ მხარეს, ყველა უარყოფით შედეგს, რაც მოყვება განსხვავებული აზრის გაჩენას საზოგადოებაში. ამ განსხვავებულობით ჩემთვის ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ნიკა დიასამიძე


Comments

  1. ძალიან მიხარია, რომ ვკითხულობთ თანამედროვე ლიტერატურას, მომწონს თქვენი მისწრაფება, ასე გააგრძელეთ

    ReplyDelete
  2. მიხარია რომ ბავშვები დაინტერესებულნი არიან ქართველი მწერლების ნაშრომებით. ასე გააგრძელეთ, წარმატებები!

    ReplyDelete
  3. ზუსტად 4 წელი ვოცნებობდი ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას გავცნობოდი. თამამად ვუხდი მადლობას კლუბს, რომ "იგი"-ს წაკითხვის შესაძლებლობა მომეცა. შეიძლება ითქვას, დიდი პასუხისმგებლობაც კი არის ამ ნაწარმოების წაკითხვა.

    ReplyDelete
  4. მიხარია ქართულ მხატვრულ ლიტერატურას ასეთ ყურადღებას რომ აქცევთ, ამაში მასწავლებლის დიდი როლიც ჩანს, მადლობა მას... არაჩვეულებრივად აზროვნებთ ბავშვებო, წარმატებები კლუბს

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog